ახალი ამბები
ზუგდიდში ფართის მესაკუთრე, რომელსაც ალტ-ინფო ქირაობს, ოფისის დაცლას ითხოვს
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ფართის მესაკუთრე გოჩა ბეჭვაია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და ოთახების დაცლას სთხოვს. შესაბამისი წერილი მან დამქირავებლებს უკვე გაუგზავნა. რადიო „ათინათს“ ბეჭვაიამ უთხრა, რომ მას დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაიგო, რომ ფართი ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ მიაქირავა.

„ხელშეკრულება იანვარში დავდეთ, ადრეც მიგვიქირავებია სხვა პარტიებისთვის. მივწერეთ უკვე დროზე ადრე შეწყვეტის შესახებ. ასე გამოდის, რომ არ მსურს, რომ იყვნენ ამ ფართში, კარგ ქვეყანაში რომ ცხოვრობთ, ამიტომ. დანარჩენი მათ ჰკითხეთ“, - გვითხრა ბეჭვაიამ.

ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 15 დეკემბერს იწურება, თუმცა, როგორც ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, ფართის მფლობელი მის დაცლას ორი თვის ვადაში ითხოვს და მიზეზად ფართის პირადი სარგებლობისთვის საჭიროებას ასახელებს.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ ზუგდიდში საქმიანობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზვიად აბლოთიას "კონსერვატიული მოძრაობის" ადგილობრივ ოფისთან თავს ალტ-ინფოს წარმომადგენლები დაესხნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.




Print