ახალი ამბები
აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის შესახებ კანონი ძალაში რჩება - კვარჩია
ამ დრომდე გაურკვეველია "აფხაზური ეროვნების კუთვნილების" აღდგენის შესახებ კანონმდებლობაში" ცვლილებების მიღების ირგვლის არსებული ვითარება, წერს "ეხო კავკაზა".

გამოცემის ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი კვარჩია აცხადებს, რომ ცვლილებების გაუქმების გადაწყვეტილება 'უკანონოა და არის რეგლამენტის დარღვევა". მისივე თქმით, "პარლამენტმა" კანონი უკვე მიიღო და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნა ხელმოსაწერად.

"საუბარია გალის რაიონის მოსახლეობის აფხაზური ნაწილზე, 30 - იანი 40 -იანი წლების ბოლოს რეპრესირებულ ადამიანებზე, მათ შთამომავლებზე, რომელთა ნაწილი დღემდე ინარჩუნებს ეროვნულ იდენტობას და გვთხოვენ, მივცეთ საშუალება, რომ აღიდგინონ აფხაზური ეროვნული თვითმყოფადობა. ამასთან ერთდ, არიან ისეთებიც, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მათ მშობლიურ წიაღში დაბრუნებას", - განაცხადა კვარჩიამ. 

ის გულისხმობს აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას", რომელიც "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებს აპროტესტებს. 23 მარტს ისინი მიტინგის ჩატარებას აანონსებდნენ, თუმცა დაგეგმილი აქცია მას შემდეგ გადაიდო, რაც აფხაზმა დეპუტატებმა მათ მიერ 21 მარტს მიღებული "კანონი" გაიწვიეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გალის ე.წ ადმინისტრაციის ყოფილმა ხემძღვანელმა და "არუაას" წევრმა თემურ ნადარაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ვეტერათა ორგანიზაციას აქვს საკუთარი ხედვა "აფხაზი ეროვნების აღდგენის" საკითხთან დაკავშირებით და ეს აისახება რეზოლუციაში, რომელსაც "არუაას" უმაღლესი საბჭო მიიღებს. რგანიზაცია გეგმავს მიმართოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს და პარლამენტს, ამ საკითხზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით.

"... რათა გალის რაიონში მასობრივი პასპორტიზაცია არ მოხდეს ინტეგრაციის პროცესების დასრულებამდე. ასევე გვინდა, რომ მთავრობამ მომავალი წლის ბიუჯეტში შეიტანოს სამურზაყანოელი აფხაზებისთვის სკოლა - ინტერნატის მშენებლობის ხარჯები, რათა ნორმალურად წარვმართოთ ინტეგრაციის პროცესები", - თქვა ნადარაიამ.

21 მარტს აფხაზმა დეპუტატებმა"სამოქალაქო კოდექსის 47 - ე მუხლში" ცვლილება შეიტანეს. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთში მცხოვრებ "უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს" აფხაზური ეროვნების კუთვნილების აღდგენის უფლება მიეცემათ.

ცვლილებები ასევე შევიდა "სამოქალაქო სტატუსის აქტების შესახებ" კანონში, რომლის მიხედვითაც აფხაზური გვარის აღდგენის უფლება არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზებს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ენიჭებათ".

კანონპროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, ნაწილი კი მისი დახვეწის წინადადებით გამოვიდა, რაც "საქართველოს მოქალაქეების მიერ ეროვნული იდენტობის ცვლილების რისკს დაუკავშირა".

"სამოქალაქო კოდექსში ეთნიკური კუთვნილების აღდგენის უფლების შეტანის წინადადებით 2021 წლის მარტში აფხაზი დეპუტატი ვალერი კვარჩია გამოვიდა და "პარლამენტმა" შესაბამისი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

მაშინ კვარჩიამ განაცხადა, რომ "აღნიშნული კანონი ასევე გავრცელდება გალის რაიონის მცხოვრებლებზე, რომელთაც შეცვლილი გვარები აქვთ. თუმცა, ასეთივე გვარები აქვთ საქართველოს მცხოვრებლებსაც, მაგრამ ისინი იქით ძალით არავის გადაუსახლებია, ამიტომ ეს კანონი მათზე არ გავრცელდება. თუმცა, პირს, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს და სურს თავისი ეროვნული კუთვნილების აღდგენა, კანონი ამის განხორციელების უფლებას მისცემს. გარკვეული ხარვეზები ყოველთვის იქნება, თუმცა, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი".

საბოლოოდ,21 მარტს, აფხაზმა დეპუტატებმა "კანონპროექტები" ერთხმად დაამტკიცეს.



Print