ახალი ამბები
პირებს, რომლებიც ზუგდიდში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ, ბრალს დღეს წარუდგენენ
საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ზუგდიდში დაკავებულ ორ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, გუშინ ადვოკატმა მოინახულა. ჯიტა გულუას ინფორმაციით, ბესო თორდია საქმეში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

სამართალდამცავებმა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ზუგდიდში ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ მათი პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 2 ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო. 

გამოძიება სს კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორი მამაკაცი ერისთავის ქუჩაზე, ერთ-ერთ ავტომობილზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებლის დამონტაჟებას ცდილობდა. მომხდარი, რადიო "ათინათის" ინფორმაციით, პირად კონფლიქტს უკავშირდება.

Print