ახალი ამბები
ზუგდიდში "ოდოიას" პირველი აუდიო დისკი გამოიცა
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობაში ფოკლორულ ანსამბლ "ოდოიას" აუდიო დისკის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი" ავრცელებს. როგორც ღონისძიებაზე ცენტრის დირექტორმა მანუჩარ სამუშიამ აღნიშნა, ანსამბლის აუდიო ჩანაწერების დისკის სახით გამოშვება პირველად მოხერხდა.

"ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია" 1973 წელს ჩამოყალიბდა და მას დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა ღვაწლმოსილი ლოტბარი, ფოლკლორისტი, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, ბატონი პოლიკარპე ხუბულავა. სწორედ მისი კლასგამოვლილი ახალგაზრდებისგან, 2009 წელს მუსიკალურ- ქორეოგრაფიულ ცენტრ "ოდიშში", შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ "ოდოიას" მეორე თაობა. მას სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ლოტბარი ორესტი სიჭინავა. ანსამბლს კონსულტაციას, რა თქმა უნდა, ბატონი პოლიკარპე უწევდა. "ოდოიას" 50-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე, პირველად მოხერხდა აუდიო დისკის გაკეთება, რაც მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტია ანსამბლისთვის. ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კი თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შეიტანა ამ საქმეში", - თქვა სამუშიამ. 

მისივე ინფორმაციით, აუდიო კრებული 12 სიმღერას მოიცავს. 

ღონისძიებაზე ანსამბლის წევრებმა ფოლკლორული სიმღერები ცოცხლად შეასრულეს. 

პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია და სალოტბარო სკოლების კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში ირაკლი ტკვაცარია. სტუმრებს დისკი საჩუქრად გადაეცათ.
Print