ახალი ამბები
დადიანების სასახლის ეზოს გაყიდული ნაწილი კვლავ უფუნქციოდაა
გაყიდვიდან ორი წლის შემდეგაც უცნობია, რა მიზნებისთვის გამოიყენებენ ზუგდიდში, გამსახურდიას #1-ში, დადიანების სასახლის ეზოში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც 2020 წელს "ლაზეთი გრუპის" საკუთრებაში გადავიდა. რადიო "ათინათის" კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა აღნიშნულ ფართს, მისი მფლობელი, ბიზნესმენი მამუკა კვირკვია გვპასუხობს, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტული გეგმები არ აქვთ.

"ჯერ არაფერია და როგორც კი იქნება რამე სიახლე, აუცილებლად გეტყვით ყველაფერს", - გვითხრა მან. 

995 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც სასახლის ეზოს ნაწილად მოიაზრება, 2007 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიყიდა. ბოლოს მისმა ღირებულებამ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ამჟამინდელი მფლობელი, "ლაზეთი გრუპი" 2017 წელს მამუკა კვირკვიამ დააფუძნა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს-ის დირექტორი და 49% წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა. 51%-ს კი მამუკა კვირკვია ფლობს. გარდა ამისა, კვირკვია და მის მიერ დაფუძნებული "ლაზეთი გრუპი" წილებს ფლობენ შემდეგ შპს-ებში: "ლაზეთი 2017", "ენგური 2017" და "ცაიშის კურორტი".

მანამდე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს  მოქალაქე გია უბირია ფლობდა, რომელმაც ქონება აუქციონზე შეიძინა. სულ პირველად კი, აღნიშნული ტერიტორიის გასხვისების შესახებ ცნობილი 2013 წელს გახდა, თუმცა, როგორც მაშინ გაირკვა მიწის ნაკვეთი ენმ-ს წევრზე 2007 წელს გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტრომ უძრავი ქონება 135 ათას დოლარად გაასხვისა. ლევან ქარდავა მაშინ ამბობდა, რომ ტერიტორიის შეძენა და ინვესტიციის ჩადება მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს, თუმცა თანახმა იყო ტერიტორია გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ კვლავ სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ზუგდიდში არაერთი აქცია გაიმართა. ეს ამბავი დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს

მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ტერიტორია, სადაც ყოფილი დეპუტატის გოჩა ფიფიას მიერ ღია ტიპის გასართობი ადგილი ("თეატრონი") იყო მოწყობილი, მუზეუმის საკუთრება იყო. ის მიწის ნაკვეთის დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია.


Print