ახალი ამბები
სამეგრელოსა და რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წევრები დააკავეს, ნაწილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, - აღნიშნა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა თორნიკე მარსაგიშვილმა.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print