ახალი ამბები
დისკვალიფიკაცია და ჯარიმები ზუგდიდის "დინამოსა" და მის ფეხბურთელებს თაღლითური ფსონების გამო - სფფ
ს.კ. ზუგდიდის "დინამო" მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში. ასევე  დისკვალიფიცირებულია 2022 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ფედერაციამ ჯარიმები როგორც კლუბს, ისე მის ცალკეულ ფეხბურთელებსაც დააკისრა.

"სხდომაზე განიხილეს უეფას სპორტული სამართლიანობის განყოფილების ანგარიში საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბების ზუგდიდის "დინამოსა" და საფეხბურთო კლუბ თბილისის "შევარდენი 1906"-ის ცალკეული მატჩების შედეგებზე თაღლითური ფსონებით ზეგავლენის შესახებ. სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის მიერ თფა-ს ანგარიშის მიხედვით შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სფფ-ის  სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლისა და 55 მუხლის თანახმად, კომიტეტმა კლუბ ზუგდიდის "დინამოსა" და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება:

ს.კ. ზუგდიდის "დინამო" დაჯარიმდა ფულადი ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით;

"დინამოს" ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით. ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 6 თვის ვადით (ვადის მოქმედება წყდება ნებისმიერი საჩემპიონატო ინტერვალით - სეზონებს შუა ან შესვენების პერიოდებში;

ს.კ. ზუგდიდის "დინამოს" ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა: 

ნიკა აფხაზავას -  5 000 ლარი; 

ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს - 3 500 ლარი; 

სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს - 2 000 ლარი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print