ახალი ამბები
ზუგდიდში სკოლის მოსწავლეებმა 1-ლი ივნისი მოხუცთა თავშესაფარში გაატარეს
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე რუხის ხანდაზმულთა თავშესაფარში გაატარეს. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ცირა გულუამ გვითხრა, რომ ბავშვებმა რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან სწორედ მოხუცებთან მისვლა აარჩიეს. 

"გვაქვს სკოლაში კლუბი "მომავლის ევროპელები", სადაც ბავშვებთან ერთად დავგეგმეთ, რომ გარკვეული სახის სოციალური პასუხისმგებლობა კლუბმა უნდა აიღოს. მოხუცთა თავშესაფარში მანამდეც ვიყავით, ამჯერად მესამე კლასელები წაიყვანეს კლუბის წევრებმა. მოხალისეობრივ საქმიანობას ვეწევით ძალიან ხშირად სხვადასხვა ლოკაციაზე. ბავშვებს არჩევანის საშუალება ჰქონდათ, მათ შორის იყო ქალაქის ღონისძიებებიც, თუმცა გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე მოხუცებთან ერთად გაეტარებინათ", - ამბობს ცირა გულუა. 

მისივე თქმით, რუხის თავშესაფართან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც სურთ, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ხანდაზმულებს თვეში ერთხელ ან ორჯერ ესტუმრებიან. 

"ვერ გადმოგცემთ თავშესაფრის ბენეფიციარების აღფრთოვანებას. ტიროდნენ, თან ერთმანეთს ამხნევებდნენ, "კიდევ მოვლენო". იმდენად ამაღელვებელი იყო, საოცრად. უკან რომ ვბრუნდებოდით, ბავშვებმა მითხრეს, მასწავლებელო, რა კარგი ვქენითო, რომ იქ წავედით და არა უფასო ნაყინის საჭმელად ქალაქში. ამ აქტივობამ ხომ თავისი გააკეთა? ეს აქტივობა ყოველწლიურად გაგრძელდება", - თქვა მასწავლებელმა. 

ცირა გულუას ინფორმაციით, სკოლის კლუბს საკუთარი სოციალური საწარმოც გააჩნია, სადაც ხელნაკეთ ნივთებსა და ჩანთებს აწარმოებენ. ამასთან, აქვთ "დიაბეტის ოთახი", რომლის ფარგლებშიც გადამზადებული უფროსკლასელების სოფლის მოსახლეობას სურვილის შემთხვევაში სისხლში შაქრის დონეს უზომავენ. 

ზუგდიდის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" გასულ წელს გახსნა.
Print