ახალი ამბები
აფხაზ აბიტურინეტებს წელს სევასტოპოლის უნივერსიტეტი ეპატიჟება
აფხაზი აბიტურიენტები სწავლის გაგრძელებას წელს სევასტოპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შეძლებენ, ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი მოსკოვის კულტურულ - საქმიანი ცენტრის "მოსკოვის სახლის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე პრეს - რელიზში ნათქვამია, რომ 22 - 24 ივნისს სოხუმში პირველად გაიმართება სევასტოპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები, ხოლო ხუთშაბათსა და პარასკევს, აბიტურიენტები დისტანციურად შეძლებენ საბუთების შეტანას, უნივერსიტეტის წარმომადგენლები კი მათ რეგისტრაციისას საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევენ.

ინფორმაციისთვის, ქალაქ სევასტოპოლი ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის გამო ევროკავშირმა და აშშ-მა მოსკოვს სანქციები დაუწესეს. უკრაინის უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონის თანახმად, ყირიმი და ქალაქი სევასტოპოლი "დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად" არის აღიარებული.

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი"ცნო. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

Print