ახალი ამბები
პოლონეთში მოკლული ზუგდიდელი ქალის შვილები დედის ოჯახში ჩამოიყვანეს
პოლონეთში მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები უკვე საქართველოში, ქალის მშობლების სახლში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია "საფარის" იურისტმა თამარ ლუკავამ რადიო "ათინათს" დაუდასტურა. მისივე თქმით, ბავშვების ჩამოყვანა მას შემდეგ მოხერხდა, რაც პოლონეთის სასამართლომ გარდაცვლილის დედას დროებითი მეურვის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გრძელდება სასამართლო განხილვები ბავშვების ბებიისთვის მუდმივი (სრულწლოვნებამდე) მეურვეობის მინიჭების თაობაზე.

რაც შეეხება როზეტა ყალიჩავას საკითხზე პოლონეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებას, იურისტი განმარტავს, რომ პირველ რიგში პოლონურ სასამართლოს მიმართავენ, რაზეც ადგილობრივ ორგანიზაციებთან აქვთ კონსულტაციები. 

"ჯერჯერობით პოლონურ მხარესთან ვარკვევთ ორგანიზაციას, რომელიც ადგილზე დაგვეხმარება ადგილობრივ დონეზე მიმართვაში. ჯერ შიდა შესაძლებლობები უნდა ამოიწუროს, ხოლო შემდეგ უნდა გასაჩივრდეს ევროსასამართლოში. ვინაიდან ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ საქართველოდან შევიტანოთ ადგილზე საჩივარი, გვაქვს მოლაპარაკებები პოლონურ ორგანიზაციასთან, რომელიც მუშაობს ასეთ საკითხებზე, რომ ადგილზე მოხდეს კონკრეტული მოთხოვნების დაყენება, პასუხის მიღების შემდეგ კი მომზადდება ევროსასამართლოსთვის სარჩელი", - გვითხრა თამარ ლუკავამ. 

27 წლის როზეტა ყალიჩავა საკუთარმა ქმარმა 25 მაისს პოლონეთში, საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით მოკლა. მანამდე ქალმა დასახმარებლად ორგანიზაცია "საფარს" მიმართა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს, თუმცა, მხოლოდ 24 საათით. ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა.

ამავე თემაზე: 

პოლონეთში მოკლული ქალი ზუგდიდში ჩამოასვენეს

პოლონეთში ზუგდიდელი ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა
Print