აფხაზეთში წამოიწყეს ფლეშმობი "დავიცვათ, ის რაც შევინარჩუნეთ ". მისი მიზანია ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის საკითხისთვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
აქცია, რომელიც გუშინ მწერალმა დიმიტრი გაბელიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დააანონსა, "რესპუბლიკის სუვერენიტეტის დასაცავად" ორგანიზებული საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში იმართება. მისი მონაწილეები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ ბანერს აფხაზეთის კონტურული გამოსახულებით და გულით იმ ადგილას, სადაც ბიჭვინთა მდებარეობს.
"ეხო კავკაზას" თანახამდ, გაბელიამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში და სხვა პლატფორმებზე არაერთხელ გამოთქვა თავისი დამოკიდებულება ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ახლა კი მან და მისმა თანამოაზრეებმა გადაწყვიტეს, თავიანთი პოზიცია საზოგადოებას ამ ფორმით მიაწოდონ. გარდა ბიჭვინთის საკითხისა, ისინი აქციის საშუალებით ცდილობენ წამოწიონ სხვა თემებიც, მათ შორის, საკალმახე მეურენობა სოფელ უათჰარაში, ასევე მამზიშხის მთა.
გამოცემის ცნობით, სოციალური ქსელის მომხმარებლები მაშინვე გამოეხმაურნენ ამ აქტივობას და დაიწყეს ბანერების განთავსება თავიანთ ავატარებსა და სთორებზე. გაბელიას თქმით, ისინი უამრავ ზარს იღებენ აფხაზეთის რეგიონებიდან და ქალაქებიდან, ხალხი მზადყოფნას გამოხატავს აქციაში მონაწილეობის მისაღებად.
აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ ასიდა ქორთუამ "ეხო კავკაზას" უთხრა, რომ ის ეწინააღმდეგება ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას იმ პირობებით, "რაც გათვალისწინებულია აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმებით". მისთვის ასევე მიუღებელია "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის და უძრავი ქონების მიყიდვა".
აქცია არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში იმართება, მისი მოაწილეები მოქალაქეებს ბანერების ავტომობილებზე განთავსებას სთავაზობენ. მათივე ცობით, ამ დრომდე ათასამდე სტიკერია დამზადებული, თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი რაოდენობის გაზრდას გეგმავენ.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. მიუხედავად აფხაზური საზოგადოების ნეგატიური რეაქციისა ე.წ. პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.
დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას.
აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.
ამავე თემაზე:სოხუმში ბიჭვინთის გასხვისების საწინააღმდეგოდ ახალი კამპანია წამოიწყეს
რუსეთი აგარაკის გარეშე გაძლებს, ჩვენ თუ გავძლებთ მათი მხარდაჭერის გარეშე - ასლან ბჟანია ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე
მასალის გამოყენების პირობები