ახალი ამბები
ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტს ოლეგ დერიპასკას აძლევს - მედია
სოხუმის აეროპორტი რუსეთის მფლობელობაში გადადის, აფხაზეთის საკუთრებაში კი მხოლოდ ობიექტთან მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. ინფორმაციას "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს, t.me/respublicaabh  - ზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, კომპლექსში შემავალი ყველა სხვა ობიექტი "ინვესტორებსა" და რუსეთის ფედერაციას შორის გადანაწილდა.

გამოცემის თანახმად, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ფოტო, რომელიც გადაღებულია სოხუმში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის ვიზიტის დროს. მასზე გამოსახულია გენერალური გეგმა, რომელზედაც აღნიშნულია საკუთრების მიხედვით განაწილებული ობიექტები.


მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელიც შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში. იურიდიულად, Basic Element - ის კომპანიების აქტივების უმრავლესობა გარკვეულწილად ეკუთვნის Basic Element Ltd - ს (რეგისტრირებულია კუნძულ ჯერსიზე), რომელიც, თავის მხრივ, 100% - ით ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ A-Finance-ს, რომლის ბენეფიციარიც არის დერიპასკა.

ჯგუფის აქტივები კონცენტრირებულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, ავიაციის, სოფლის მეურნეობის და სხვა ეკონომიკის სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

ოლეგ დერიპასკა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაშია.

გასული წლის მარტში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში, შესაძლოა ავიაკომპანია შეიქმნას და დასძინა, რომ "სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - მასშტაბური ამოცანაა".

უფრო ადრე, ის ამბობდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტირებაზე თანხა უკვე გამოიყო და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი ფრენების მიღებას 2024 წლის იანვრისთვის დაიწყებს.

სოხუმი უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას.

Print