ახალი ამბები
აბაშაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია - მერია
აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ნინოშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა და მოსახლეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარს მოიცავდა.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო აბაშის, სენაკის, ხობისა და ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ადგილზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

"აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრების პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
Print
თეგები: აბაშა / ხანძარი /