"ქართულმა ოცნებამ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი - ზაზა ყურაშვილი წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შუალედური არჩევნების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია მყარ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს, რითაც მისივე თქმით, "დასრულდება თითქმის ერთწლიანი საბოტაჟი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტია - "საქართველოსთვის" ტანდემში ახორციელებდნენ".
"ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში", - თქვა კობახიძემ.
მან თეკლათისა და ჭალადიდის მოსახლეობას სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
რამდენიმე დღის წინ "სამართლიანმა არჩევნებმა" ხელისუფლებას სენაკის მუნიციპალიტეტის მეოთხე საარჩევო ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რეკომენდაციით მიმართა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური არჩევნების დანიშვნას ეხება, აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ.
მანამდე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილა "ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის, გიორგი გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და კომისიების არჩევის შესახებ განკარგულებების გაუქმებას ითხოვდა.
ამ მოცემულობით სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ხელახლა უნდა აირჩიონ. ამ ეტაპზე წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ აქვს. "ქართული ოცნება" 16 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები. რამდენიმე კვირის წინ მანდატი დატოვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა
ვახტანგ წურწუმიამ, რის გამოც თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები უნდა ჩატარდეს.
დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში პარტია "საქართველოსთვის" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მონაწილეობას არ მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები