ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო სეზონს "ანა ფრანკის დღიურით" გახსნის
10-11 სექტემბერს შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ, 155-ე სეზონს სპექტაკლის პრემიერით გახსნის. სცენაზე "ანა ფრანკის დღიურს" დადგამენ. სპექტაკლი ზუგდიდისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას ორივე დასის წარმომადგენლები მიიღებენ. 

"მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია, რომელიც პატარა გოგონას ანა ფრანკის გარშემო ვითარდება, მოგვითხრობს ადამიანების ურთიერთობაზე, რომელსაც თან სდევს შიში, სასოწარკვეთა და ისტერიკა. არსებულ უიმედობაში მთავარი გმირის ოპტიმიზმი და შემართება ბოროტებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი ხდება, რაც საშუალებას აძლევს რეალობას მოწყდეს, იოცნებოს და ამ ოცნებეში ჩაბნელებული კედლების მიღმა მთელი სამყაროს მშვენიერება შეიგრძნოს", - ვკითხულობთ სპექტაკლის ანონსში, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა.

ზუგდიდის თეატრის შენობის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, დასი კი სპექტაკლებს ყოფილი კულტურის სახლის შენობაში მართავს.

პირველი სპექტაკლი, მოლიერის "ძალად ექიმი", ზუგდიდში 1868 წლის 11 აპრილს ანტონ ფურცელაძემ დადგა.
Print