კრემლში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთა უკრაინის ომისთის მობილიზაციის შესაძლებლობასაც
განიხილავენ, - ამის შესახებ მედიასაშუალება Medusa-ს აცნობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ. ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან შესაძლოა იძულებით გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი, წერს "ეხო კავკაზა".
უკრაინის მედია უკვე იტყობინებოდა ომში ცხინვალის რეგიონიდან სამხედროების მონაწილეობაზე. მარტში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საკონტრაქტო სამხედროებმა ომში მონაწილეობაზე უარი თქვეს და შინ დაბრუნდნენ.
მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მიმართვა, რომლითაც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და მას ყალბი უწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი "ფეიკ" ინფორმაციით, "ოპონენტებს განზრახული აქვთ აფხაზურ საზოგადოებაში პანიკური განწყობების დათესვა რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე". აქვე აღნიშნულია, რომ "მსგავსი თავდასხმები აფხაზურ - რუსული ურთიერთობების გაუარესებას ისახავს მიზნად. მიმართვის ავტორები მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფხიზლე და მხოლოდ "ოფიციალურ ინფორმაციას" დაეყრდნონ.
საუბარია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებას, რომელიც, თითქოს რუსეთის სახელმწიფო მდივნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ მობილიზაციას ვერ აირიდებს.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.
ფოტო: "აბხაზია ინფორმი"
მასალის გამოყენების პირობები