ახალი ამბები
ჩემი ძალადობა ტყუილია​ - ზაალ გოროზია 20 000 ლარიანი გირაოს გადახდამდე პატიმრობაში რჩება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და საკრებულოს მოქმედ წევრ ზაალ გოროზიას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. თანხის გადახდამდე ის პატიმრობაში დარჩება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

პროკურატურა მისთვის წინასწარ პატიმრობას, დაცვის მხარე კი 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, ადვოკატებმა მოსამართლეს წარუდგინეს დაზარალებული ქალის ნოტარიულად დამოწმებული პოზიცია, რომ აღკვეთის სახით გოროზიასთვის არ შეეფარდათ პატიმრობა.

სასამართლო სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც გოროზიამ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაიწყო საუბარი. 

ზაალ გოროზია ბრალს არ აღიარებს. "ჩემი ძალადობა ტყუილია",- ასე მიმართა მან სასამართლოს.

საკრებულოს წევრი ენმ-დან ცოლზე ძალადობის ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ცოლზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ქალმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
Print