ახალი ამბები
სამეგრელოში მედდის ყალბი სერთიფიკატის გაცემისთვის პასუხისგებაში სასწავლებლის დირექტორი მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, დანაშაულში ბრალდებული საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორია, რომელმაც, გამოძიების თანახმად, 3 000 ლარის სანაცვლოდ მედდის ყალბი სერთიფიკატი დაამზადა.

„ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი, პირადი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის 3-წლიანი ტრენინგ-კურსის თითქოსდა დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი“, - ვკითხულოთ საგამოძობო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

Print