ახალი ამბები
ზუგდიდის 51 საბავშვო ბაღს გათბობისათვის შეშის გარდა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია - მერიის ააიპ-ი
ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი 46 075 ლარის ღირებულების შეშას, სავარაუდოდ, გამარტივებული წესით შეისყიდის. შესაბამის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ 51 საბავშვო ბაღს გათბობისათვის სხვა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნია. აქვე ვკითხულობთ, რომ სსიპ-ის მიერ 3 და 13 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერები არ შედგა, შედეგად, 26 ოქტომბერს ახალი ელექტრონული ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.

"საბავშვო ბაღებში სათბობი მასალის მარაგი ამოწურულია და მოსალოდნელია სასწავლო პროცესის შეჩერება", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სხვა ბაღებს, ააიპ-ის დირექტორის, ხათუნა თოლორაიას ინფორმაციით, იქ ცენტრალური გათბობა აქვთ. 

"ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, სამწუხაროდ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა საბავშვო ბაღებში გათბობის საკითხთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხე, მივიღეთ გადაწყვეტილება გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების შესახებ. ამ წუთისთვის და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არც ერთ ბაღს არ ემუქრება საფრთხე გათბობასთან დაკავშირებით, გაგვაჩნია რეზერვები, გამარტივებული შესყიდვის დასრულებისთანავე ბაღები მომარაგდება საწვავი ხის მასალით", - გვითხრა ხათუნა თოლორაიამ.

მისცემენ თუ არა ა(ა)იპ-ს აღნიშნულ შესყიდვაზე თანხმობას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
Print