ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები წესდება. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ. ინფორმაციას აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ავრცელებს.

მანამდე კომპანია "ჩერნომორენერგომ" განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, "აჩგუარას" ("Ачгуара") მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ.

"აჩგუარას" მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, 1 ნოემბერს ავარია მოხდა. მანამდე 4 თვის განმავლობაში, ძველი ხაზების ახლით ჩანაცვლების მიზნით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, წერს "ეხო კავკაზა".

ამავე ცნობით, 4 ნოემბერს ენერგეტიკოსებმა მაღალი ძაბვის ხაზზე დატვირთვა გაზარდეს, სატესტო რეჟიმმა კი აჩვენა, რომ ის მხოლოდ მინიმალურ დატვირთვას უძლებდა, რის გამოც მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაუწესდათ. გადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები 8 ნოემბერს განახლდა.

ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს აჩიგვარის ხაზით მიეწოდება. 

სადენების გამოცვალა აჩიგვარის ხაზზე 1 ოქტომბერს დაიწყეს. სარემონტო სამუშაოებს "ჩერნომორენერგოს" (დაახლოებით 20 ადამიანი) და რუსული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ. სარემონტო სამუშოებზე დაახლოებით 50 მლნ რუბლი (2 მლნ 200 ათასზე მეტი) დაიხარჯება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები 15 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რუსეთიდან ნაკადის შეწყვეტის გამო შეჩერდა. შესაბამისად, 32-კილომეტრიანი გადამცემი ხაზის მხოლოდ 24-კილომეტრიანი მონაკვეთის გამოცვლა მოხერხდა.  კომპანია ვარაუდობს, რომ გადამცემი ხაზის სრული მონაკვეთის გამოცვლას კიდევ 20 დღე დასჭირდება.

უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.



Print