ახალი ამბები
გრძელდება ძალისხმევა გალის შეხვედრების განახლების მიმართულებით - თეა ახვლედიანი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე პროცესების მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას, ურყევად განვაგრძობთ ჩვენს დეპოლიტიზებულ, ადამიანზე ორიენტირებულ, შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამის საერთაშორისო ფორმატებში გრძელდებოდა საქართველოს ყველა შესაბამისი უწყების კონსოლიდირებული და ინტენსიური ძალისხმევა, ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები, მუდმივად განიხილებოდა საქართველოს დელეგაციის მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი მეორე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

"ამასთან, საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებდა ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე".

მისივე განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე, მონაწილეობას იღებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ერგნეთში, სადაც რეგულარულად განიხილება ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხები.

პარალელურად, როგორც მინისტრმა აღნიშნა, "გრძელდებოდა ძალისხმევა გალის IPRM-ის განახლების მიმართულებით, რომელიც საოკუპაციო ძალის დესტრუქციული პოზიციის გამო უკვე 4 წელზე მეტია, რაც შეწყვეტილია. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე პროცესების მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას".

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.





Print