ახალი ამბები
ენმ-ს ბოიკოტი და შეუკრებავი კვორუმი - ზუგდიდის მერის ანგარიშის წარდგენა გადაიდო
ზუგდიდის მერი 2022 წლის ანგარიშს საკრებულოს დღეს ვერ წარუდგენს. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობაა. ანგარიშის წარდგენას პოლიტიკური ბოიკოტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაესწრო. ოპოზიციური ფრაქციის თავჯდომარემ მაია კალანდიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ხელისუფლების ოპონენტ დეპუტატებს ამის არაერთი მიზეზი აქვთ, მათ შორის მთავარია პროტესტი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრი, მსოფლიო მედია და პოლიტიკური ელიტა საუბრობს, რომ საქართველოში მოწამლულია და ციხეში ეწამება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ამ ფონზე უხერხულია და ამორალურია "ქართული ოცნების" მერის ანგარიშის მოსმენა. ან რას უნდა მოვუსმინოთ, როცა ამომრჩევლებს ემალება. მისი სკამზე ყოფნა დაგვიჯდა პირად შეურაცხყოფად, ძალადობად. ვფიქრობ, ეს მიზეზები სრულიად საკმარისია", - აღნიშნა კალანდიამ.

წარდგენას ქალაქში არყოფნის გამო არ დაესწრო პარტია "საქართველოსთვის" წევრიც, შესაბამისად, მამუკა წოწერიამ ანგარიში დეპუტატებს კვირის ბოლომდე შეკრებილი კვორუმის პირობებში უნდა წარუდგინოს.
Print