ახალი ამბები
ენგურის ხიდზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი წერილები შეაგროვეს
მდინარე ენგურის მეორე ნაპირიდან მოქალაქეები, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას თხოვენ. წერილები ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა ენმ-დან სოფო ჯაფარიძემ მიიღო. ის ამბობს, რომ ე.წ საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები ადამიანები, უერთდებიან კამპანიას, რომლის მიზანიც ზურაბიშვილის მხრიდან მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა.

"ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, ძალიან ამაყი ვარ, იმიტომ, რომ აფხაზეთიდან ჩვენმა მართლა პატრიოტმა მოქალაქეებმა გამოგვიგზავნეს წერილები, გამოუგზავნეს სალომე ზურაბიშვილს. ამ გზით ისინი შეუერთდნენ ჩვენს კამპანიას თხოვენ პრეზიდენტს გაათავისუფლოს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიყავით ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, სადაც გიგა ოთხოზორია ჩაცხრილეს, ჩვენ იქ გადმოგვცეს წერილები ადამიანებმა, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თვისუფლების ფასი. ეს კამპანია აქტიურად გრძელდება, მანამ, სანამ არ მივიღებთ შედეგს. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს მესამე პრეზიდენტს და არ დაუშვებს იმას, რომ კიდევ ერთხელ დამახინჯდეს ქვეყნის ისტორია და კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს", - უთხრა სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაიმართება, სადაც მხარეები ექიმებს გამოკითხავენ. სავარაუდოდ, პროცესს მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზიდან არ დაესწრება, რადგან კლინიკა "ვივამედის" ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება მისი ეტაპირების რეკომენდაციას არ გასცემს.
Print