ახალი ამბები
აფხაზეთში ელექტროენერგია ორი საათით გაითიშება ოთხის ნაცვლად, - "ჩერნომორენერგო" ახალ გრაფიკზე
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის დრო დღე - ღამეში ოთხი საათიდან ორ საათამდე შემცირდა.

მანამდე კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ 12 იანვრიდან ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი ამოქმედდება და მოსახლეობას დენის მიწოდება დღე- ღამეში 4 საათით შეეზღუდება. მათივე ცნობით, ამ ზომებს ენერგოსისტემაზე გაზრდილი დატვირთვის გამო, ავარიების თავიდან ასაცილებლად მიმართეს.

ამავე ცნობით, სოხუმმა 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში მოსკოვს 715 მილიონი კვტ/სთ გამოთხოვა. თუმცა, ამ პერიოდისთვის რუსულმა მხარემ 600 მილიონი კვტ/სთ გამოყო.

"შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან ნაკადში 115 მილიონი კვტ/სთ იყო დეფიციტი. რაც შეეხება ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, ასევე არის დაახლოებით 50 მილიონი კვტ/სთ დეფიციტი.

300 მლნ კვტ/სთ მოთხოვნილებით, პროგნოზირებულია დაახლოებით 250 მლნ კვტ/სთ გამომუშავება. მთლიანობაში დეფიციტმა 165 მლნ კვტ/სთ შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჩერნომორენერგოს" თანახმად, ენერგოსისტემაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია გრაფიკის კორექტირება მოხდეს. ასევე, არ არის გამორიცხული ქვესადგურების ადგილობრივი გათიშვა სისტემის გადატვირთვის გამო.

Print