ახალი ამბები
#პოკროვსკისთვის - საქველმოქმედო საღამო ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქის მხარდასაჭერად სოციალურ კაფე "მეგო-ბარში" მუსიკალური საღამო გაიმართა.
ღონისძიება "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით ჩატარდა.

კონცერტზე დასასწრებად ადგილობრივებმა სიმბოლური თანხა გადაიხადეს, რომელიც სრულად გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე.

"ჩვენი მიზანია დახმარება გავუწიოთ ზუგდიდთან დამეგობრებულ უკრაინულ ქალაქს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად არაერთხელ დაზარალდა და ამჟამადაც, სამხედრო მოქმედებათა ზონაში იმყოფება. ქართული საზოგადოება სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები ამჯერადაც შევძლებთ გაერთიანებას და ჩვენი მეგობარი ქალაქისათვის საჭირო და სათანადო დახმარების გაწევას. დღევანდელი საღამოს მიზანიც სწორად ეს არის და მომავალშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება გვექნება", - უთხრა რადიო "ათინათს" ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არჩილ თოდუამ.

ღონისძიებაზე სიმღერები შეასრულეს ბუბა სორდიამ და თემურ ელიავამ.

"ბუბა სორდია და თემო ელიავა ჩვენი ღონისძიების პირველ მონაწილეებად შემთხვევით არ აგვირჩევია, გახსოვთ ალბათ, ისინი ომის დაწყებიდან მალევე წავიდნენ უკრაინაში მოხალისეებად. ამიტომ, გვინდოდა ამ საღამოსთვის სიმბოლური დატვირთვაც მიგვენიჭებინა. სასიხარულო არის ის, რომ ღონისძიებას მოსალოდნელზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, ყველა თაობის და სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ამბებში ახალგაზრდების ჩართულობა, რომელთა ხმა ნაკლებად ისმის ხოლმე, ამჯერად კი თავად გახდნენ ამ დღის მონაწილეები. ამ საღამოს უნდა გადაეწყვიტა, როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი აქტივობები, როგორი მოტივაცია გვექნებოდა გუნდის წევრებს შემდეგი კამპანიის გასაკეთებლად და გადაწყვიტა კიდეც - გაორმაგებული მოტივაციით ვაგრძელებთ", - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა და ფონის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ცაბუნია ვართაგავამ.

თემურ ელიავასთან ერთად საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს სხვა ადგილობრივმა პოეტებმაც.

"სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი" ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. ის მიზნად დამეგობრებული უკრაინული ქალაქის, პოკროვსკის მხარდაჭერას ისახავს. შეგროვებულ თანხას, რომელიც სრულად გადაირიცხება პოკროვსკის დახმარების ფონდში, ჰუმანიტარული დანიშნულებით გამოიყენებენ.

ფონდის რეკვიზიტებია: 

TBC ბანკი

ლარის ანგარიში - GE39TB7290236080100014

ევროს ანგარიში - GE62TB7290236180100004

დოლარის ანგარიში - GE89TB7290236180100003

საქართველოს ბანკი

ლარი/დოლარი/ევრო GE85BG0000000541617501

მიმღები: ააიპ "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი"
Print