ახალი ამბები
წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ კონტრაქტს ხელი მოეწერა - "ლელო"
იტალიაში, საფეხბურთო კლუბ ტურინის "იუვენტუსის" სათავო ოფისში, მამუკა ხაზარაძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს წალენჯიხაში "იუვენტუსის" ბავშვთა აკადემიის გახსნის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ლელო-საქართველოსთვის" ავრცელებს. ამავე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა და მისი მოადგილე, თამარ ბელქანია.

"ხელმოწერის შემდეგ, წალენჯიხაში მსოფლიო საფეხბურთო გრანდის ბავშვთა აკადემია ოპერირებას ოფიციალურად დაიწყებს.

ამ დროისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მზადდება საერთაშორისო დონის საფეხბურთო მოედანი, ეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ბავშვთა აკადემიისთვისაა საჭირო", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წალენჯიხაში საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" წარმომადგენელი მარკო დეგორტესი გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. სწორედ მაშინ დაანონსდა პირველად ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გახსნის შესახებ.

მოგვიანებით, წალენჯიხის ცენტრალური სტადიონის ბაზაზე იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემიის განთავსებასა და რამდენიმე ასაკობრივი კატეგორიის (6-18 წლის ჩათვლით) ჩამოყალიბებაზე მემორანდუმს მოეწერა ხელი.
Print