ახალი ამბები
სახალხო დამცველი ენგურის ხიდის ჩაკეტვას გამოეხმაურა
სახალხო დამცველი ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის ფაქტს გამოეხმაურა. განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებულ აფხაზეთში მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოკუპირებული გალის მაცხოვრებლებისთვის ენგურის ხიდი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი, მხოლოდ ე.წ. გამშვები პუნქტი არ არის; ის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის განათლებასთან, უკეთეს, ხარისხიან სამედიცინო სერვისებთან, უფრო იაფ პროდუქტებთან, პენსიის აღებასთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან დამაკავშირებელი გზაა და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - ვკითხულობთ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა "განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ასაკოვან მოსახლეობაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მარტოა დარჩენილი და ვერ ახერხებს ოჯახის სხვა წევრებთან გადმოსვლას".

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას - "საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, აწარმოოს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო რეჟიმმა დაიცვას მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლება. კერძოდ, დაიცვას ეს უფლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მთელ პერიმეტრზე უკანონო შეზღუდვების მოხსნის გზით და ე.წ. გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირებით".

დღეს, 7 აპრილს, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ცალმხრივად დაიკეტა. დილიდან ორმხრივად ჩაიკეტა წალენჯიხის სოფელ ფახულანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საბერიოს შორის საფეხმავლო გადასასვლელი.



Print