რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 16 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო - ზემო სვანეთში, კახეთში, გურიაში, ქვემო ქართლსა და თბილიში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 16 პირი, ერთი კი მხილებული.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 9 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინი, შაშხანა, 8 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 1860 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი", 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print