ახალი ამბები
ენგურზე 600 000 კგ ტვირთის გადატანა გახდება შესაძლებელი - ფილია
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, ენგურის "საკონტროლო - გამშვები პუნქტის" გავლით, საქონლის გადატანა შეეძლებათ მხოლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომელთაც შესაბამისი ნებართვა გააჩნიათ. ამის შესახებ მან გასულ კვირაში, სოხუმში, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. ადგილობრივი მედიის თანახმად, "სამუშაო ჯგუფი", რომლის შემადგენლობაშიც ის შედის, ენგურის ხიდზე ტრანზიტის დაწყების შესაძლებლობას, ასევე 2007 წლის მარტის ბოლოს "პრეზიდენტის" ბრძანებაში შეტანილ ცვლილებებს" განიხილავდა.

ფილიას განმარტებით, თუ ადრე "კანონის" მიხედვით სამეგრელოს - აფხაზეთის ადმნისტრაციული საზღვარზე მოქალაქეებს 50 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვის უფლება ჰქონდათ, ცვლილებების შეტანის შემდეგ, მისი მოცულობა 600 000 კილოგრამამდე იზრდება.

"ადრე აფხაზეთის მაცხოვრებლებს მხოლოდ ხელბარგის გადატანა შეეძლოთ, ახლა კი ცვლილებების თანახმად, მათ ამა თუ იმ პროდუქციის დიდი მოცულობით შემოტანა შეეძლებათ. ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვაქვს საქართველოსთან - არც იურიდიული და არც პირდაპირი", - დასძინა მან.

ფილიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ბრძანებაში" ცვლილებები ეხება საქართველოდან სხვა ქვეყნებში წარმოებული უმარკო საქონლის მიწოდებას. მისივე თქმით, "უახლოეს პერსპექტივაში" ამ ტიპის გადაადგილება შეუძლებელია, რადგან სამეგრელო - აფხაზეთის ადმნისტრაციული საზღვარი სათანადოდ არ არის აღჭურვილი. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია "გამშვები პუნქტების და ინსპექტირების პუნქტების, ასევე საბაჟო ტერმინალების" მოწყობა.

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაწილობრივ გააუქმა სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საქონლის გადაადგილებაზე აკრძალვა.

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ 2023 წლის 31 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტი სოციალური ქსელებით გავრცელდა.

ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, აფხაზეთის მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომლის თანახმად, სრულად აიკრძალა საქართველოსთან "საზღვარზე" ტვირთების გადაადგილება.

ცვლილების თანახმად, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ. საზღვარზე შესაძლებელი გახდა მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგების, სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალების, ცოცხალი შინაური ფრინველის, შინაური პირუტყვის საკვების, სოფლის მეურნეობის ტექნიკის და პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, საავტომობილო ტრანსპორტის და მისი ნაწილების და ზეთების გადატანა.




Print