ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მორიგი სარჩელი ერთხმად ცნო დასაშვებად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" ერთხმად დასაშვებად ცნო. შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება.

საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.

საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელში ნახსენებია ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორიაც, რომელიც 2016 წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. 

სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.
Print