ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია ბიჭვინთის შეთანხმების გაუქმებას და "მინისტრთა კაბინეტის" გადადგომას ითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოპოზიცია "პრეზიდენტისგან", ასლან ბჟანიასგან მოითხოვს "მინისტრთა კაბინეტის" ორ კვირაში დათხოვას. 

"თუ ორი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური არ შეასრულებს ჩვენს ყველა მოთხოვნას და ხელს არ მოაწერს ანტიეროვნული მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქალაქ სოხუმში საპროტესტო აქციის თარიღს გამოაცხადებენ" , - განაცხადა ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ლიდერმა თემურ გულიამ.

"ეხო კავკაზას" თანახმად, გარდა ამისა, ოპოზიციას სურს. რომ "მთავრობამ" გააუქმოს რუსეთისთვის ბიჭვინთის ობიექტების გადაცემის შესახებ შეთანხმება, რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმება,  ასევე,  ითხოვს ელექტროენერგიის სოციალურად ორიენტირებულ ტარიფზე დაბრუნებას და "აპარტ-სასტუმროებისა და ბინების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის მიღებაზე უარის თქმას.

განცხადება ექვსი პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის: "არუაას", "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის", "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის", "აფსნის", "აამთას" და "ახაცას" ლიდერებმა გააკეთეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.

Print