ახალი ამბები
მიცვალებულები ჰყავთ სიაში - მაჟორიტარობის კანდიდატი
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესიკ წულეისკირი ამბობს, რომ საარჩევნო სიებში მიცვალებულები არიან. მან მაგალითად საარჩევნო უბანში ბლანკი წარადგინა, რომელიც, მისი მტკიცებით, 10-15 წლის წინ გარდაცვლილი პირის ოჯახს მიუვიდა.

,,ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგანაც ეს არჩევნები მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რათა გაიმარჯვოს იმ კანდიდატმა, რომელიც იქნება თითოეულ ადამიანზე ორიენტირებული და გააკეთებს საქმეს. ამ უბანთან დაკავშირებით მაქვს პრეტენზია 10 – 15 წლის წინ არის ადამიანი გარდაცვლილი და სიაშია, ოჯახს მოუვიდა მიუხედავად იმისა გარდაცვალების ცნობა ვნახე. ასეთი უამრავი მიცვალებულია სიაში’’, - ამბობს ბესიკ წულეისკირი.

მის საპასუხოდ უბნის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი არ არის, რადგან ოჯახს გარდაცვალების მოწმობის მისაღებად იუსტიციის სახლისთვის უნდა მიემართა.

რაც შეეხება კანდიდატის მოლოდინს, წულეისკირი ამბობს, რომ ის ოლქში მეორე ტურის ჩატარებას ვარაუდობს.

“გამარჯვების იმედი მაქვს, თუმცა, ალბათ, მეორე ტური იქნება”,-თქვა წულეისკირმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ფოთში, სენაკსა და ხობში პარლამენტის მაჟოროტარი დეპუტატის არჩევნები მიმდინარეობს.


Print