ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან ამჯერად გარემოვაჭრეები მართავენ აქციას

ზუგდიდის მერიასთან დილიდან ცენტრალური სუპერმარკეტის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს,

რომ მაისის თვიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. ამასთან, აცხადებენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად მუშაობას მაინც განაახლებენ.

გარემოვაჭრეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გარევაჭრობა მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

აქციის მონაწილეები მამუკა წოწერიასთან შეხვედრას ითხოვენ, მათ მერის მოადგილე მაიზერ ნანავა შეხვდა და შეკრებილებს უთხრა, რომ გარევაჭრობა უკანონობაა. ნანავას თქმით, გარემოვაჭრეებს მერიამ ალტერნატული სივრცე შესთავაზა თუმცა პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ სივრცეში ისინი საქმიანობას ვერ განახორციელებენ.

"ჩვენ გვქონდა რამდენიმე ალტერნატიული ფართი, რომლის მფლობელებიც გარკვეული პერიოდი თანხას არ გადაგახდევინებენ, ეს იმისთვის, რომ თქვენი კლიენტები მიეჩვიონ ამ სივრცეს, " - მიმართა აქციის მონაწილეებს ნანავამ.

გარემოვაჭრეები არ იშლებიან და ცოცხალი ჯაჭვით აპირებენ შესასვლელის ბლოკირებას. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

გასულ კვირაში, 1 მაისს ზუგდიდის მერიასთან მოვაჭრეების აქცია შიდა მოვაჭრეებმა გამართეს გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით. მაშინ, მათ მერის მოადგილისგან, ბესიკ ჭეჟიასგან, პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს დილიდან დაკეტილი ბაზრის კარები. თუმცა, განაცხადეს, რომ პერმანენტული აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შიდა მოვაჭრეების თქმით, მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან. ისინი მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვენ.

ზუგდიდში გარევაჭრობის პრობლემა მრავალი წელია დგას. ბაზრის გარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებსა და ზუგდიდის მერიას შორის ამ საკითხზე უთანხმოება დღემდე გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართს, ბაზრის შიდატერიტორიას სთავაზობს, თუმცა ამ წინადადებას მოვაჭრეები არ თანხმდებიან, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, იქ მომხმარებელი არ შედის.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბაზარი მოვაჭრეებს დაკეტილი აქვთ

ბაზრის მოვაჭრეებმა აქციით მერიასთან გადაინაცვლეს

მერია მოვაჭრეებს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა - აქცია დაიშალა, ბაზარი გაიღება






 

Print