ახალი ამბები
ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ, - პრეზიდენტი
"ამ გამარჯვების გზაზე, ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის - ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ, თავისუფლებისკენ. მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ საქართველოში. არ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ აქ იყოთ ევროპელები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მანამდე მოქალაქეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიდეომიმართვა მოისმინეს, რომელშიც ის ევროპის დღეს ულოცავდა საქართველოს მოსახლეობას. პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენ" ეს გზა უნდა გავიაროთ. ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ". მან დასძინა, რომ თავარია, საქართველოს მოქალაქეებს ევროპული კეთილდღეობის საძიებლად ქვეყნის დატოვება არ უნდა უწევდეთ.

"ძალიან ბევრ თქვენგან ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ევროპაში ან იმუშავებს ევროპაში. მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირი არის, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ზოგჯერ ხოლმე ევროპაში. აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტები, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან. ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლები არის და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ იქნება გამაერთიანებელი საქართველოსი და ევროპის. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა საბჭოთა დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი. ხიდი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ მოუტანოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც (სხვათა შორის, ძალიან ბევრ რამეს მოუტანს). და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი.... თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ იქ, სადაც საჭირო არის, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებებს ე.წ. მეორე ფრონტის თემაზე. მისი თქმით, სწორედ, ევროპა წარმოადგენს საქართველოს მშვიდობიან მომავალს და ეს ერთადერთი გაერთიანებაა ისტორიაში, რომელმაც სრულად შეუნარჩუნა ქვეყნებს თავიანთი იდენტობა და მშვიდობა.

მისივე თქმით, სწორედ ევროპა არის "დამარცხება ტოტალიტარიზმის, თავისუფლება. სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, ბოლო გამარჯვება არ იქნება".
ორბელიანების სასახლის წინ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად  ქვეყანამ 12 - პუნქტიანი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. 


Print