ახალი ამბები
სოხუმში დაგეგმილი მიტინგის წინ "ოპოზიციონერები" სამართალდამცავებს მიმართავენ
სოხუმში "სახალხო აქციის" დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მიმართეს და მოუწოდეს, "არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები, არ წავიდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომლის ინტერესების დაცვა წარმოადგენს სწორედ მათ მოვალეობას".

მიმართვას ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები "აფხაზთა სახალხო მოძრაობა", "არუაა", "ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი", "აამთა", "ერთობა", პარტიებმა "აფსნი" და "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი".

"ეხო კავკაზას" თანახმად , 29 მაისს საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის "სამთავრობო შენობების კომპლექსთან" სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული. ოპოზიციონერების განცხადებით, "აფხაზეთის კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში".

29 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" უფროსმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ უწყება "იცავს აფხაზეთის მოსახლეობას და კონსტიტუციურ წესრიგს". "გენერალურმა პროკურორმა" ადგურ აგრბამ კი განაცხადა, რომ "სამთავრობო შენობების" გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა და მიმდინაროებს 24-საათიანი მეთვალყურეობა.

ამავე ცნობით, ტელეგრამ - არხები იუწყებოდნენ, რომ 29 მაისს, გვიან ღამით "სამთავრობო შენობების" მახლობლად, მდინარე სოხუმკაზე არსებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა რვა მოქალაქის დაკავების შესახებ, მათ შორის "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერის, ადგურ არძინბას ნათესავების. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცახადა, რომ ტარდება ღონისძიებები, რომლებიც "სამართალდარღვევისა და დანაშაულის პრევენციის, აფხაზეთის მოქალაქეებისა და სტუმრების საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ არის მიმართული".

ინფორმაციისთვის, უფრო ადრე, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ოპოზიციამ" აქცია დაანონსა. განცხადების თანახმად, "სახალხო მიტინგი" 30 მაისს 14 საათზე არის დაგეგმილი. ე.წ. ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ, რომ ხელმძღვანელობამ უარი თქვას პროექტებზე, რომლებიც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის "რესპუბლიკის სუვერენიტეტს".


ამავე თემაზე:

ოკუპირებულ აფხაზეთში „მთავრობის“ გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა

Print