ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის აღდგენა სოჭის აეროპორტს და "ფსოუს" გამშვებ პუნქტს განტვირთავს - მოსკოვი
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლებელი გახდება სოჭის აეროპორტის განტვირთვა, განაცხადა რუსული მხარის წარმომადგენელმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა, მას შემდეგ რაც 16 ივნისს, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაბუშერას აეროპორტის ფუნქციონირების განახლების შესახებ. მისივე თქმით, საჰაერო ნავსადგურს ასევე შეეძლება "რუსეთ - აფხაზეთის საზღვარზე მდებარე "ფსოუს" საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე დატვირთვის შემცირება".

გუშინვე, სანკტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის ოტელიერების გამგეობის პრეზიდენტმა დიმიტრი ბოგდანოვმა დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენა ხელს შეუწყობს კრასნოდარის ოლქის კურორტებზე ტურისტების ნაკადის ზრდას. მისი თქმით, თავდაპირველად, უმჯობესია, "2024 წლის დასაწყისისთვის ბაბუშერაში პატარა აეროვაგზალი აშენდეს, რომელიც საათში ორი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ განავითარონ იქ აეროპორტის ინფრასტრუქტურა", წერს "აბხაზია ინფორმი". 

გამოცემის თანახმად, რუსეთის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეჩერებულია კრასნოდარის, ანაპის და გელენჯიკის აეროპორტების მუშაობა.

დოკუმენტში, რომელსაც სოხუმმა დ მოსკოვმა მოაწერეს ხელი, ნათქვამია, რომ "საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით რუსული იურიდიული პირი განახორციელებს", თუმცა, დეტალები საჯაროდ არ გახმაურებულა.

მანამდე აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

სოხუმში გასული წლის დეკემბერშიც განაცხადეს, რომ რუსული მხარის დახმარებით ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავენ.

ამავე თემაზე: სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შეთანხემებას "მხარეებმა" პეტერბურგში მოაწერეს ხელი




Print