ახალი ამბები
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შემსვლელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა - სოხუმი
"ფსოუს" ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე მგზავრთნაკადი, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 17% - ით, ხოლო ტრანსპორტის კი 12% - ით გაიზარდა. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ტურიზმის სამინისტრო" ავრცელებს ინფორმაციას, წერს "აფსნიპრესი"

ამავე ცნობით, "ფსოუს" გამშვები პუნქტის უფროსის ვადიმ პაპცავას თქმით, დღე - ღამეში "რუსეთ - აფხაზეთის საზღვარს" 28 ათასამდე მოქალაქე და 5 ათასამდე ავტომობილი კვეთს.

მისივე ინფორმაციით, "საგუშაგო" განსაკუთრებით დილის საათებშია დატვირთული, როდესაც საექსკურსიო ავტობუსების უმეტესობას რუსეთიდან ერთდროულად შეჰყავს ტურისტები ოკუპირებულ აფხაზეთში.

8 ივნისს სოჭსა და გაგრას შორის ჩქაროსნული მატარებელების მიმოსვლა დაიწყო. რუს ტურისტებზე გათვლილ ელექტრომეტარაბელს "ლასტოჩკას" რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ყოველდღე უნდა ევლო, თუმცა, გაგრაში მოსული ძლიერი წვიმების გამო 14 ივნისიდან მატარებლების მოძრაობა შეჩერდა, ღვარცოფმა რკინიგზის ლიანდაგები და საყრდენები, "რესპუბლიკური მაგისტრალის" მონაკვეთი, რამდენიმე სახლი და სასტუმრო დააზიანა. საავტომობილო გზის ნაწილი ნაწილობრივ გადაკეტილი იყო. აფხაზური მედიის ცნობით, ამ დროისთვის საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია.






Print