ახალი ამბები
ზუგდიდში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის დასაფინანსებლად პეტიციით საკრებულოს მიმართეს
ზუგდიდელმა ცხოველთმოყვარულმა სალომე ფარცვანიამ საკრებულოში შეიტანა პეტიცია, რომლითაც თანამოაზრეებთან ერთად შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის უფასო მუნიციპალური პროგრამის დანერგვას ითხოვს.

როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, პეტიციას ხელს 710 მოქალაქე აწერს.

“NDI-მ ჩაატარა გასულ წელს კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ უსახლკარო ცხოველები ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დაასახელა. მრავალი ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ეს პრობლემა დაძლეულია, გვიჩვენებს, რომ მისი გადაჭრის ერთ-ერთი ჰუმანური გზა არის მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაცია, რომელიც ამ ეტაპზე მიუწვდომელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ძალიან დიდი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებს არ გააჩნიათ უფასო ან შეღავათიანი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მათ შორისაა ზუგდიდიც. ვეცდებით, დავარწმუნოთ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ ამ გზით აუცილებლად შემცირდება ქალაქისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მიტოვების ფაქტები, რომლებიც მათ არასასურველ გამრავლებას უკავშირდება. ამასთან, ეს იქნება ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯიც“, - განმარტა პეტიციის ავტორმა.



ზუგდიდელი ცხოველთმოყვარულები ხელმოწერებს, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ. პროცედურის თანახმად, საკრებულო მერიას პეტიციას მას შემდეგ გადაუგზავნის, რაც ხელმოწერებს გადაამოწმებს და ბიურო საკითხს განიხილავს. თავის მხრივ, მერიამ უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინებს თუ არა პეტიციის შინაარს მომავალი წლის ბიუჯეტში.



Print