ახალი ამბები
ჯარიმები გაიზარდა ძაღლების ალიკაპის ან საბელის გარეშე გარეთ ყოლასა და პირუტყვის საჯარო სივრცეში ყოფნაზე
პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით 76 ხმით მხარი დაუჭირა. ცვლილება ითვალისწინებს ღია სივრცეში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში მეპატრონისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამკაცრებას.

ნებისმიერ ღია სივრცეში მფლობელი, ძაღლის ალიკაპის ან საბმელის გარეშე ყოლის შემთხვევაში, 20 ლარის ნაცვლად 150 ლარით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში მეპატრონის 50 ლარით დაჯარიმებას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა.

ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – პირუტყვის მესაკუთრე 50 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმდება.

Print