ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში, თბილისსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 52 პირი დააკავეს
სამართალმდაცავებმა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია. შს სამინისტროს ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის,მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს, ასევე, გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული.

„ბრალდებულები კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.

პოლიციამ, მოსამართის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნივთმტკიცებად ამოღებულია: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „პრეგაბალინი“, „ამფეტამინი“, „მდმა“, „ექსტაზი“,, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი“ და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

ნარკოტიკულ საშუალებებზე დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 273-ე პრიმა, 263-ე, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print