ახალი ამბები
ჯვარში წყალმომარაგების ახალი სისტემა აგვისტოდან ამოქმედდება - კომპანია
ქალაქ ჯვარის მოსახლეობა წყალმომარაგების ახალი სისტემით აგვისტოდან ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ჯვარში სამუშაოები აგვისტოში დასრულდება და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში დაიწყება.

კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქ.ჯვარში წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობის გამო კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით დაჯარიმდა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 9,087,881.93 აშშ დოლარია.


„პროექტი 8 ჭაბურღილის მოწყობას, ასევე წყლის ცენტრალური მაგისტრალის მონტაჟს, გამანაწილებელი ქსელისა და რეზერვუარების რეაბილიტაციას, სატუმბი სადგურის მშენებლობასა და მრიცხველების მონტაჟს ითვალისწინებს.


კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2019 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, სამშენებლო სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა“, - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

ამავე ინფორმაციით, 2022 წლის ივლისიდან კონტრაქტორმა სამუშაოები განაახლა, ამჟამად კი პროექტი დასრულების ფაზაშია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, დარჩენილია მრიცხველების მონტაჟი და ელექტრო-მექანიკური სამუშაოების ნაწილი, ასევე ქსელის დეზინფექცია-ტესტირება.


ფოტო: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
Print