ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების" თაობაზე სარეფერენდუმო კითხვა დაარეგისტრირეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც 27 ივნისს, მიმართა მას რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით "მთავრობისა" და "პრეზიდენტის" მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ უნდობლობის საკითხზე.

რეფერენდუმზე გასატანი შეკითხვაა: "მიგაჩნიათ თუ არა, რომ აუცილებელია აფხაზეთის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება?"

ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორია ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია "აიაარა". ისინი, რეფერენდუმის ჩატარების მოტივად ასახელებენ "ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების არაეფექტურ, ანტიეროვნულ პოლიტიკას", რომელიც "საფრთხეს უქმნის აფხაზეთის სახელმწიფოს".

"ამ მთავრობას არ მივცემთ საშუალებას, განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემა, ბინების შესახებ კანონის მიღება, სახელმწიფო ენერგეტიკული მრეწველობის კერძო კომპანიისთვის მიყიდვა, მორიგი მრავალმილიარდიანი სესხის აღება, რომლის დაფარვის ვალდებულება მომავალ თაობებს დააწვება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო დროს, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკაშირებით, ადგილობრივი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი, საპროტესტო აქციებს მართავენ და "ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ეროვნულ ინტერესებთან" შეუსაბამოდ მიიჩნევენ, თუმცა, რეფერენდუმის ინიციატორები აღნიშნავენ, მოქმედი "ხელისუფლება" ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.

ოკუპირებული აფხაზეთის "კანონმდებლობით", "რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს და რეფერენდუმზე გამოაქვთ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები".

"რეფერენდუმის" ჩატარების ინიციატივის დაყენება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი სულ ცოტა 25 ადამიანისგან უნდა შედგებოდეს, "რეფერენდუმის" მოთხოვნით კი მინიმუმ 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.


Print