ახალი ამბები
აფხაზურმა დელეგაციამ ჟენევაში ისევ დაადასტურა გალის შეხვედრების განახლების აუცილებლობა - სოხუმი
ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზე, რომელიც 11- 12 ივლისს გაიმართა, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზურმა დელეგაციამ, რომელსაც ე.წ საგარეო საქმეთ მინისტრი ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა, "დაადასტურა თავისი ვალდებულება ამ მექანიზმის მუშაობის განახლებაზე, თუმცა ქართულმა დელეგაციამ არ უპასუხა აფხაზი მონაწილეების წინადადებებს". ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, დისკუსიების მსვლელობისას, აფხაზური დელეგაცია გამოვიდა "ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ტექსტის შეთანხმებაზე სრულფასოვანი მუშაობის დაწყების წინადადებით", რაც მათი განცხადებით, "მედვედევ-სარკოზის" შეთანხმების მე-6 პუნქტში ასახული პრინციპებს შეესაბამება, თუმცა მათი თქმით, "მოლაპარაკებების ქართველმა მონაწილეებმა ამჯერადაც დაბლოკეს მათი წინადადება" და შესაბამისად, საკითხის განხილვა მორიგი დისკუსიების ფარგლებში იგეგმება.

ამავე ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის "გადაადგილების თავისუფლების" , ასევე "განათლებაზე და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის" და ხვა ჰუმანიტარული საკითხები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს არის დაგეგმილი.


ფოტო - Democracy & Freedom Watch



Print