რეგიონი
სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში ბრაკონიორობის 47 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

,,ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 8, სახლართი ტიპის ბადით - 34 და ფაცერის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, უკანონო თევზჭერის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის ივნისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 1 200 მეტრამდე სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, შაორის ტბიდან, ასევე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებიდან. მდინარე ალაზანზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად კი, გამოვლენილია უპატრონოდ მიტოვებული 1 ერთეული თევზმახე'', - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.


Print