ახალი ამბები
აფხაზები რესპუბლიკის მოსახლეობის 51,3% - ს შეადგენენ - სოხუმში დემოგრაფიულ უსაფრთხოებაზე იმსჯელეს
სოხუმში დემოგრაფიულ განვითარებაზე, ბოლო წლებში სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებლსა და შობადობის შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, წერს "აფსნიპრესი". გამოცემის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდა, თემაზე "აფხაზეთის დემოგრაფიული უსაფრთხოება" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედმა სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრმა გამართა.

შეხვედრის მთავარმა მომხსენებელმა, ცენტრის ერთ - ერთმა მკვლევარმა, ამრა ცუშბამ, თავის ანგარიშში "ოფიციალური სტატისტიკის" მონაცემები მოიყვანა, რომელთა თანახმად, "2021 წელს აფხაზეთში დაბადებულთა რიცხოვნობა 601 კაცით შემცირდა 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით, ხოლო გარდაცვლილთა რიცხოვნობა 523 - ით გაიზარდა".

მისივე მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა 2011 წლიდან 2021 წლამდე 3531 ადამიანით გაიზარდა და აფხაზების წილი რესპუბლიკის მოსახლეობის 51,3% - ს შეადგენს.

დემოგრაფიული უსაფრთხოების შემაფერხებელ ფაქტორებად ცუშბამ "დემოგრაფიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის არარსებობა, სუსტი ინსტიტუციური ბაზა, დეპოპულაცია, მოსახლეობის დაბერება, ოჯახის ინსტიტუტის დეგრადაცია" დაასახელა. 

გამოცემის თანახმად, "დემოგრაფიული პოლიტიკის" პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ცუშბამ დაასახელა: შობადობის ზრდა, სიკვდილიანობის შემცირება, თანამემამულეთა რეპატრიაცია და მიგრაციული პროცესების ოპტიმიზაცია.
თუმცა ცუშბა დარწმუნებულია, რომ მდგომარეობის გამოსწორება მომდევნო 3 - 4 წელში ჯერაც შესაძლებელია და ამის რესურსი დღესდღეობით არსებობს:

"ეს არის აქტიური, რეპროდუქციული და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (56.2%) წილი. ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია შეზღუდულ დროში, რის შემდეგაც "ომის შემდგომი დემოგრაფიული ხვრელის" შედეგები უფრო და უფრო მეტ გავლენას მოახდენს... 3 - 4 წელიწადში ფართომასშტაბიანი და ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკის დახმარებით შესაძლებელია აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების ოპტიმალურ სცენარამდე მიყვანა", - აცხადებს ცუშბა. მისი ვარაუდით, დემოგრაფიული პრობლემის სტაბილიზაცია 2025 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2017 – 2021 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 977 რეპატრიანტი დაბრუნდა. ამავე ცნობით, 2021 წლის მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა 244 236 ადამიანს შეადგენს.


Print