ახალი ამბები
ენგურჰესი რეაბილიტაციის გამო კიდევ ერთხელ გაჩერდება - ლევან მებონია
ენგურჰესის რეაბილიტაციის ფინალური ფაზის დროს ენგურჰესის გვირაბის კიდევ ერთხელ გაჩერებაა დაგეგმილი. ამის შესახებ მედია საშუალება „ენერგონიუსს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი, რომელიც 2024 წელს უნდა დაიწყოს და სამ წელს მოიცავს, 35 მლნ ევროდაა შეფასებული.

„ახლა წარვადგინეთ განაცხადი ფინანსთა სამინისტროში, რათა საერთაშორისო დონორებისგან ახალი სესხი გამოიყოს, რაც მოხმარდება კაშხალზე სარემონტო სამუშაოებს. ეს ძირითადად, იქნება ფუძის ბურღვა-ცემენტაცია. ამჟამად, ერთ-ერთი ფრანგული კომპანია აფასებს კაშხლის მდგომარეობას და ამ შეფასებაზე დაყრდნობით გამოიკვეთება რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ასევე, გვირაბში არის გარკვეული სამუშაობი დარჩენილი, რომელიც ვერ მოვასწარით წინა გაჩერების დროს, რადგან 3-თვიანი გაჩერება ამხელა გვირაბის რეაბილიტაციისთვის ძალიან მცირე პერიოდია. ამიტომ, ვფიქრობთ, 2025-2026-ში გავაჩეროთ კიდევ ერთხელ და დარჩენილი სამუშაოები დავასრულოთ, რაც ისევ მოგვცემს დამატებით ენერგიას და ვფიქრობ, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში გვირაბს გაჩერება აღარ დასჭირდება. ამ სამუშაოებს ვაფასებთ 35 მლნ ევროს ფარგლებში. აქედან, ჩვენი მოთხოვნით, დაახლოებით, 28 მლნ იქნება სეხი და 7 მლნ - ევროკომისიის გრანტი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, დაახლოებით, სამი წელი, ან სამწელიწადნახევარი უნდა გვეყოს“ “ - აცხადებს მებონია.


დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ასევე განმარტავს, რომ დარჩენილია რამდენიმე მოძველებული მოწყობილობა, რომელიც შესაცვლელია.


რეაბილიტაციის მომდევნო პროექტი მოიცავს სამშენებლო, ჰიდრომექანიკურ, ელექტრულ სამუშაოებს, კაშხლის ირგვლივ და სადგურთან გზების მოწყობა-რეაბილიტაციას, აფხაზეთში უცხოელი კონსულტანტების მომსახურებას და ზოგიერთი ახალი მოწყობილობის შეძენას.


წყარო:ენერგონიუსი



Print