ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტს რუსი ინვესტორი ეყოლება - ე.წ. პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირეს მხარი, წერს „აფსნიპრესი“.
ამავე ინფორმაციით, ხელშეკრულება „არეგულირებს რუსული იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და განსაზღვრავს მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს“.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, „ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის შექმნას, ამასთან, ინვესტორი თავისუფლდება ყველა გადასახადისგან 25 წლით, გარდა საშემოსავლო გადასახადისა და იმპორტის დღგ-ისა. აფხაზური მხარის ვალდებულება იქნება 1,5 მეგავატი სიმძლავრის ორი ქვესადგურის რეკონსტრუქცია - აგუძერასა და გულრიფშში, ასევე მისასვლელი გზის მშენებლობა“

ამავე ცნობით, სავარაუდოდ, სოხუმის აეროპორტი, წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება.

ხელშეკრულების პირობების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი აფხაზი დეპუტატი კან კვარჩია დაინტერესდა, თუ "რა მოგებას მიიღებს აფხაზეთი ამ პროექტით? როგორ მოხდება ქონების გამიჯვნა საჯარო-კერძო პარტნიორობაში?"

„ინვესტორი საკუთარ ფულს არ დებს, ის სესხს იღებს. ამ ხელშეკრულებაში მე ვერ დავინახე ისეთი ნორმა, რომელიც უკრძალავს ინვესტორს სესხის აღებას აფხაზეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების ბანკებში. ამიტომ, ვუშვებ, რომ ინვესტორს შეუძლია მიიღოს სესხები, მაგალითად, საქართველოს ბანკიდან (Bank of Georgia). აქ კრედიტი ჩადებას მას არავინ უკრძალავს და იმასაც, რომ მიმართოს გაკოტრების პროცედურას და ამ შემთხვევაში, ჩვენი აეროპორტი საქართველოს ბანკის საკუთრება იქნება, არა?“, - იკითხა სხდომაზე კვარჩიამ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა სცადა, დაერწმუნებინა კვარჩია იმაში, რომ სოხუმს პრობლემები არ ექნება და „მთავრობა“ სიტუაციას გააკონტროლებს.

„აეროდრომი და მთელი მისი ინფრასტრუქტურა სახელმწიფო საკუთრების სტატუსს შეინარჩუნებს. ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას ინვესტორი საკუთარი ხარჯებით დააფინანსებს, თუმცა ის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება აეროპორტის კომპლექსი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტიც. სარგებლობაში გადაეცემა მიწის სარგებლობის უფლებასთან ერთად. მოგვიანებით აშენებული საჰაერო ტერმინალის კომპლექსი და მთელი ინფრასტრუქტურა კერძო საკუთრებაში გადადის“, - განაცხადა ოზგანმა.

"საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად, შეთანხმების პროექტი თითქმის ერთხმად იქნა რატიფიცირებული, მას ოცდაათმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა", ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სოხუმმა და მოსკოვმა, აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივნისში სანკტ - პეტერბურგში მოაწერეს ხელი. უფრო ადრე, აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში. 

ამავე თემაზე: სოხუმში აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება განიხილეს


Print