ახალი ამბები
ატრაქციონები უსაფრთხოების მიზნით დაიხურა - ზუგდიდის მერია
"ზუგდიდის მერიამ საბავშვო ატრაქციონი, უსაფრთხოების მიზნით დახურა", - ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში განუმარტეს.

მერიაში ასევე ამბობენ, რომ ახალი ატრაქციონი იმავე ადგილას აღარ იფუნქციონირებს და ახალი ფართის მოძიებაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამ დროისთვის უცნობია, სად ან როდის შეიძლება გაიხსნას საბავშვო ატრაქციონების პარკი.

"ალტერნატიული ფართის მოძიებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამის შემდგომ დაიწყება საპროექტო სამუშაოები ახალი ატრაქციონის მოსაწყობად", - ამბობენ მერიაში.

ზუგდიდში, დადიანების სასახლისა და ე.წ. ფრანგული პარკის მიმდებარედ მოწყობილი ერთადერთი საბავშვო სივრცე, სადაც სულ რამდენიმე ატრაქციონი მუშაობდა, თითქმის, ორი კვირაა, აღარ ფუნქციონირებს.

ატრაქციონები ფრანგულ პარკში 2011 წელს გაიხსნა.







Print