ახალი ამბები
რომ არა „ოცნება“, ანაკლია იქნებოდა კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელს მმსოფლიოში - ხაზარაძე
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ განცხადებებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ხელისუფლება მის ყველა განცხადებაში, რომელი ამ თემას ეხება, იტყუება.

ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „მოკლა“ ანაკლია, როგორც კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში.

„ანაკლიის ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ინვესტორები, ივანიშვილის დავალებით, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, "ქართულმა ოცნებამ" გაძარცვა და დააყაჩაღა, წაართვა ჩადებული ინვესტიციები. ამით ჩააგდო საუკუნის პროექტი, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი გეოპოლიტიკური ინტერესებიც იდო.

ანაკლია გახდა ქვაკუთხედი, რომელი მსოფლიოს ნაწილი იქნება საქართველო. რომ არა ბიძინას "ოცნების" რუსული ინტერესები საქართველოში და მისი რუსული პოლიტიკა, დღეს ანაკლია იქნებოდა საქართველოს, კავკასიის მძლავრი კარიბჭე მთელ მსოფლიოში, 20 ათასამდე დასაქმებული ჩვენი მოქალაქით და ახალი დიალოგით აფხაზებთან, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით მიღებული მიზიდულობის ცენტრით, ეკონომიკურად გაძლიერებული ადგილობრივი მოსახლეობით, შეუზღუდავი ახალი შესაძლებლობებით.

ეს ყველაფერი "ოცნებამ" მოკლა და უკვე მერამდენედ გადადო მის მიერვე გამოცხადებული ფარსი ტენდერი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!“, - წერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორად ჩინური კომპანიის გახდომას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. პაპუაშვილი განმარტავს, რომ ის არათუ საფრთხეს ხედავს ჩინურ ინვესტიციებში, არამედ, მიესალმება კიდეც.

ცვლილებების თანახმად, 28 ივლისის ნაცვლად ანაკლიის პორტის ასაშენებლად კვალიფიციური კანდიდატების შეტყობინების საბოლოოდ ვადა 20 სექტემბერია, წინადადების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო თარიღი კი, ჯერჯერობით, უცნობია.

ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის დეკემბერში მიიღო.

მთავრობის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.



Print