ახალი ამბები
სენაკში რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო.

ფესტივალი 7 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მას სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალში ქართულ რეგიონულ თეატრალურ დასებთან ერთად სამი უცხოური დასი ირანიდან, იაპონიიდან და სომხეთიდან მონაწილეობს.


„2023 წელი უდიდესი დრამატურგის, უილიამ შექსპირის წლად არის გამოცხადებული და მთელი მსოფლიო ზეიმობს „პირველი ფოლიოს“ 400 წლისთავს. გარდა სპექტაკლებისა, ფესტივალი იმ თეატრების ახალგაზრდა მსახიობებს, რომლებიც საფესტივალო პროგრამაში არ მონაწილეობენ, სთავაზობს მასტერკლასების სერიას სამსახიობო ოსტატობაში, რომელსაც მათთვის ჩაატარებენ ამერიკიდან მოწვეული რეჟისორები: დიმიტრი ტროიანოვსკი (რეჟისორი, ბრენდაის უნივერსიტეტის თეატრალური მიმართულების პროფესორი), ადრიან გიურეა (რეჟისორი, კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის პროფესორი), სომონა გიურეა (კოლგეიტის უნივერსიტეტის თეატრალური დეპარტამენტის სამსახიობო ხელოვნების პედაგოგი)“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2015 წელს ქალაქ ფოთში დაფუძნდა.


ფოტო: კულტურის სამინისტრო

Print